აკრძალული ნივთიერებების სია
დოკუმენტები
ძირითადი ინფორმაცია: რა უნდა იცოდეთ აკრძალული სიის შესახებ
აკრძალულ სიას (Prohibited List) მართავს და კოორდინაციას უწევს WADA. სია ყოველწლიურად ახლდება და ძალაში შედის 1 იანვრიდან. მიუხედავად იმისა, რომ განახლება, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ ხდება, საჭიროების შემთხვევაში WADA-ს შეუძლია ცვლილებების შეტანა წლის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი ცვლილება ძალაში შესვლამდე მინიმუმ სამი თვით ადრე უნდა გამოცხადდეს.
აკრძალული სია მოიცავს:
- ნივთიერებებსა და მეთოდებს, რომლებიც აკრძალულია ნებისმიერ დროს (როგორც შეჯიბრების პერიოდში, ისე მის გარეთ);
- ნივთიერებებს, რომლებიც აკრძალულია მხოლოდ შეჯიბრების პერიოდში (როგორც წესი, შეჯიბრების წინა დღის 23:59 საათიდან შეჯიბრების დასრულებამდე და სინჯის აღების პროცესის დასრულებამდე);
- ნივთიერებებს, რომლებიც აკრძალულია მხოლოდ კონკრეტულ სპორტის სახეობებში.
ნებისმიერ დროს აკრძალული ნივთიერებების მაგალითებია (თუმცა ჩამონათვალი ამით არ შემოიფარგლება): ანაბოლური აგენტები, პეპტიდური ჰორმონები, დიურეტიკები და ნიღბვის (მასკირების) აგენტები.
მხოლოდ შეჯიბრების პერიოდში აკრძალული ნივთიერებების მაგალითებია (თუმცა ჩამონათვალი ამით არ შემოიფარგლება): კანაბინოიდები, გლუკოკორტიკოიდები, ნარკოტიკული საშუალებები და სტიმულანტები.
ნებისმიერ დროს აკრძალულია ასევე გარკვეული მეთოდები, მათ შორის სისხლის გადასხმა, სისხლის მანიპულაცია და ინტრავენური ინფუზიები განსაზღვრულ შემთხვევებში.
აკრძალულ სიაში ყველა აკრძალული ნივთიერება სახელდებით არ არის მითითებული. აკრძალულად მიიჩნევა ასევე ის ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ მსგავსი ქიმიური სტრუქტურა ან ანალოგიური ბიოლოგიური ეფექტი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი პირდაპირ დასახელებული სიაში.
სპეციფიკური ნივთიერებები (Specified Substances) არის ნივთიერებები, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაში სპორტსმენის სინჯში შესაძლოა არსებობდეს სარწმუნო არასადოპინგო ახსნა.
არასპეციფიკური ნივთიერებები (Non-Specified Substances) არის ნივთიერებები, რომელთა არსებობისთვის სპორტსმენის ორგანიზმში, როგორც წესი, სარწმუნო არასადოპინგო ახსნა არ არსებობს.
