საქართველოსა და WADA-ს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
WADA-ს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ორგანიზაციის ევროპის ოფისისა და სპორტულ მოძრაობასთან ურთიერთობების დირექტორი სებასტიან ჟილო, ეროვნულ და რეგიონულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციებთან (NADO/RADO) ურთიერთობების უფროსი მენეჯერი იევა ლუკოშიუტე-სტანიკუნიენე და WADA-ს ევროპის რეგიონში მთავრობებსა და ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების მენეჯერი შტეფან ტრინკსი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ანტიდოპინგური სისტემის შემდგომი განვითარების პრიორიტეტები, სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობა და მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოსთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოს შექმნას, მის როლსა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. აღინიშნა, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედი ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია სუფთა და სამართლიანი სპორტული გარემოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ანტიდოპინგური განათლების სპორტულ სკოლებში, სპორტულ ფედერაციებსა და ოლიმპიურ პროგრამებში ინტეგრირების შესახებ. ყურადღება გამახვილდა სპორტსმენების, მწვრთნელების, სამედიცინო პერსონალისა და სპორტსმენთა დამხმარე სხვა პირების ცნობიერების ამაღლებაზე, რათა მათ უკეთ იცოდნენ საკუთარი უფლებები, პასუხისმგებლობები და ანტიდოპინგური წესების მოთხოვნები.
საუბარი შეეხო ეროვნული ტესტირების პროგრამის გაძლიერებას, დოპინგ-კონტროლის პროცესში ჩართული პერსონალის პროფესიული შესაძლებლობების განვითარებასა და საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების სათანადო ანტიდოპინგური მხარდაჭერის უზრუნველყოფას.
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს ანტიდოპინგური სისტემის მდგრადი განვითარების, საერთაშორისო სტანდარტების ეფექტიანად დანერგვისა და სუფთა სპორტის პრინციპების განმტკიცების მიზნით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოს პრეზიდენტი ხათუნა საგანელიძე და სააგენტოს თანამშრომლები.





