მშობლები და მეურვეები

რატომ არის მშობლის როლი გადამწყვეტი

მშობლები და მეურვეები დიდ გავლენას ახდენენ იმაზე, თუ რას ნიშნავს ახალგაზრდა სპორტსმენისთვის წარმატება, შრომა, ჯანმრთელობა და სამართლიანობა. სუფთა სპორტისადმი დამოკიდებულება დოპინგის კონტროლამდე დიდი ხნით ადრე ყალიბდება. ის, თუ როგორ ვსაუბრობთ ოჯახში კვებაზე, მედიკამენტებსა და საკვებ დანამატებზე, შეიძლება ამცირებდეს ან ზრდიდეს სარისკო გადაწყვეტილებების ალბათობას.

რა შეუძლია გააკეთოს მშობელმა

  • მოიპოვეთ შვილის ნდობა, რომ სარისკო გადაწყვეტილების მიღებამდე თქვენთან საუბარი არ გაუჭირდეს. გულწრფელად დაინტერესდით მისი აზრით, მშვიდად დაუსვით კითხვები და დაეხმარეთ, საკუთარ ღირებულებებს დაეყრდნოს.

  • ჯერ ღირებულებებზე ესაუბრეთ, შემდეგ კი წესებზე. შეაქეთ შვილი არა მხოლოდ შედეგისთვის, არამედ მონდომებისთვის, მომზადებისთვის, სწავლისთვის, გუნდთან თანამშრომლობისთვის, გამბედაობისა და სხვების პატივისცემისთვის.

  • დაეხმარეთ შვილს, დაინახოს, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ სპორტი არ არის. მისი, როგორც ადამიანის, ღირებულებას მედლები, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ან სხეულის ფორმა არ განსაზღვრავს.

  • აუხსენით, რომ დახმარების თხოვნა ბუნებრივია. ტრავმის, გადაღლის ან გუნდში ვერმოხვედრის შიშის დროს სწრაფი წარმატების სახიფათო გზები შეიძლება უფრო მიმზიდველი გახდეს, მათ შორის მაშინაც, როცა შედეგები აღარ უმჯობესდება.

  • ესაუბრეთ სამართლიან თამაშზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძლიერი კონკურენციის გამო ზეწოლას გრძნობს. ჰკითხეთ, როგორ შეიძლება ასეთ დროსაც სამართლიანად მოიქცეს.

  • თავად მიეცით ჯანსაღი ქცევის მაგალითი. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობთ კვებაზე, გარეგნობაზე, საკვებ დანამატებსა და „სწრაფ შედეგებზე“.

კითხვები საუბრის დასაწყებად:

  • ამ სეზონში რა შედეგს ჩათვლიდი წარმატებად?

  • ვინმემ უფრო სწრაფად აღსადგენად რაიმე საშუალება რომ შემოგთავაზოს, რას გაარკვევდი მის მიღებამდე?

  • ვის ჰკითხავდი, შეიძლება თუ არა ამ წამლის მიღება სპორტსმენისთვის?

  • რა დაგეხმარებოდა უარის თქმაში, თუ თანაგუნდელები სახიფათო ნივთიერების მიღებას შემოგთავაზებდნენ?

მედიკამენტები: როგორ ავირიდოთ თავიდან უნებლიე დარღვევა

ზოგიერთი წამალი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც სპორტში ყოველთვის ან გარკვეულ პირობებში არის აკრძალული. ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რომ ურეცეპტოდ გაყიდვა არ ნიშნავს, რომ წამლის გამოყენება სპორტშიც დაშვებულია.

  • აცნობეთ ექიმს, სტომატოლოგსა და ფარმაცევტს, რომ თქვენი შვილი სპორტსმენია და მასზე ანტიდოპინგური წესები ვრცელდება.

  • გამოყენებამდე გადაამოწმეთ ყველა წამალი, მათ შორის ურეცეპტო და გაციების წამლები, ინჰალატორები, საინექციო პრეპარატები და საზღვარგარეთ შეძენილი მედიკამენტები.

  • თუ მკურნალობისთვის აუცილებელი წამალი აკრძალულ ნივთიერებას შეიცავს, მიმართეთ საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოს და გაარკვიეთ, საჭიროა თუ არა თერაპიული გამოყენების გამონაკლისი და რომელ ორგანიზაციას უნდა მიმართოთ მის მისაღებად.

  • ანტიდოპინგური წესების დარღვევის შიშით არასდროს შეწყვიტოთ სასიცოცხლოდ აუცილებელი მკურნალობა — ჯანმრთელობა უპირველესია.

საკვები დანამატები: შევამციროთ რისკი

ახალგაზრდა სპორტსმენებს საკვებ დანამატებს ხშირად სთავაზობენ სოციალურ ქსელებში, სპორტულ დარბაზებსა და თანაგუნდელების წრეში, ხოლო მათ რეკლამას ინფლუენსერებიც უწევენ ხოლმე. ბევრი პროდუქტი უსარგებლოა ან მისი სარგებელი სათანადოდ არ არის დადასტურებული, ხოლო საკვები დანამატის მიღებამ შეიძლება ჯანმრთელობას ავნოს ან ანტიდოპინგური წესების უნებლიე დარღვევა გამოიწვიოს.

  • პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ სრულფასოვან კვებას, საკმარისი სითხის მიღებას, ძილს, ვარჯიშსა და აღდგენას.

  • გაარკვიეთ, რისთვის არის საჭირო საკვები დანამატი და რა პრობლემის მოგვარებაში უნდა დაგეხმაროთ.

  • მოერიდეთ პროდუქტებს, რომლებიც კუნთის სწრაფ ზრდას, ცხიმის წვას, ჰორმონალურ ეფექტს ან ენერგიის მკვეთრ მატებას გპირდებათ.

  • რჩევისთვის მიმართეთ კვალიფიციურ სპორტულ ნუტრიციოლოგსა და ექიმს — მხოლოდ ინფლუენსერებსა და გამყიდველებს ნუ ენდობით.

  • გახსოვდეთ მკაცრი პასუხისმგებლობის პრინციპი: სპორტსმენი პასუხისმგებელია მის სინჯში აღმოჩენილ აკრძალულ ნივთიერებაზე, მის მეტაბოლიტებსა თუ მარკერებზე. დარღვევის დასადგენად საჭირო არ არის იმის დამტკიცება, რომ სპორტსმენი განზრახ ან გაუფრთხილებლობით მოქმედებდა.

  • თუ საკვები დანამატი მაინც აუცილებელია, გამოყენებამდე შეაფასეთ შესაძლო რისკები და შეინახეთ ინფორმაცია პროდუქტის პარტიის შესახებ.

რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება

თუ შვილი გეუბნებათ, რომ გუნდში ამას ყველა იყენებს, ჰკითხეთ, რა პროდუქტია და რატომ იღებენ მას — ის, რომ სხვებიც იყენებენ, არ ნიშნავს, რომ პროდუქტი უსაფრთხოა.

როდის იზრდება რისკი:

  • გუნდში შერჩევასთან დაკავშირებული ზეწოლა — სპორტსმენს ეშინია, რომ ეროვნულ ნაკრებში ადგილს, სტიპენდიას ან კონტრაქტს დაკარგავს, ან მთავარ ტურნირში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

  • ტრავმა ან ნელი აღდგენა — იმედგაცრუების დროს სპორტსმენი შეიძლება ადვილად მოიხიბლოს „სწრაფი აღდგენის“ დაპირებით.

  • სხეულის სწრაფი ცვლილებები — გარდატეხის ასაკში სპორტსმენს შეიძლება აწუხებდეს საკუთარი სხეულის ცვლილებები ან წონასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

  • შედეგები აღარ უმჯობესდება — სპორტსმენი თავს სხვებს ადარებს და ფიქრობს, რომ წარმატებას უფრო სწრაფად უნდა მიაღწიოს.

  • ახალი სავარჯიშო გარემო — ახალ კლუბში, დარბაზში, მწვრთნელთან ან უფროს ასაკობრივ ჯგუფში საეჭვო ქცევა შეიძლება ჩვეულებრივ და მისაღებ მოვლენად ითვლებოდეს.

  • სოციალური ქსელები — ინფლუენსერების რჩევებში ხშირად ძნელია იმის გარჩევა, რა ეფუძნება ფაქტებს და რა არის რეკლამა.

რა უნდა იცოდეს ახალგაზრდამ ტესტირებამდე

ახალგაზრდა სპორტსმენმა ანტიდოპინგურ წესებს პირველ ტესტირებამდე უნდა გაეცნოს. მან უნდა იცოდეს, რატომ ტარდება ტესტირება და რომ შეიძლება შარდის ან/და სისხლის სინჯის ჩაბარება მოუწიოს, ასევე თავისი უფლებები და მოვალეობები. პროცესის ნებისმიერ ეტაპზე მას შეუძლია კითხვების დასმა.

სპორტსმენმა უნდა:

  • ტესტირების შესახებ შეტყობინების მიღებისას შეამოწმოს დოპინგის კონტროლის ოფიცრის ან თანმხლები პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.

  • შეასრულოს მითითებები და შეტყობინების მიღებიდან პროცედურის დასრულებამდე დარჩეს დოპინგის კონტროლის პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

  • დოპინგის კონტროლის ფორმაში ჩაწეროს ბოლო პერიოდში მიღებული მედიკამენტები და საკვები დანამატები.

  • ხელმოწერამდე ყურადღებით წაიკითხოს ფორმა და საჭიროების შემთხვევაში ჩაწეროს შენიშვნები.

  • სურვილის შემთხვევაში მოითხოვოს წარმომადგენლის დასწრება. დოპინგის კონტროლის ოფიცერმა წინასწარ უნდა აუხსნას, როგორ ტარდება არასრულწლოვნის ტესტირება.

თუ შვილი საეჭვო ამბავს გაგიმხელთ

  • მშვიდად მოუსმინეთ. ნუ დაადანაშაულებთ, ნუ უყვირებთ და ნუ დაემუქრებით დასჯით.

  • გაარკვიეთ, რა პროდუქტი ან ნივთიერება მიიღო, ვინ მისცა, როდის და რა ვითარებაში.

  • ნუ დამალავთ მომხდარს. ნურც შვილს უბიძგებთ ფაქტების დამალვისკენ, მტკიცებულებების განადგურებისკენ ან ტყუილის თქმისკენ.

  • შეინახეთ შეფუთვა, შეტყობინებები, ჩეკები და სხვა მასალები, რომლებიც მომხდარის გარკვევაში დაგეხმარებათ.

  • რჩევისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოს. თუ შვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

მშობლის საკონტროლო სია სუფთა სპორტის წესების შესამოწმებლად

  • ვიცი, სად ვნახო მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მოქმედი აკრძალული სია და სააგენტოს ინფორმაცია მედიკამენტებისა და თერაპიული გამოყენების გამონაკლისის შესახებ.

  • ჩემმა შვილმა იცის, რომ ნებისმიერი წამალი გამოყენებამდე უნდა გადაამოწმოს.

  • ვიცით, რომ ახალგაზრდა სპორტსმენს საკვები დანამატების ყოველდღიური მიღება ყოველთვის არ სჭირდება.

  • პირადად ვიცნობ სპეციალისტებს, რომლებიც ჩემს შვილთან მუშაობენ — მწვრთნელს, ექიმს, ფიზიოთერაპევტსა და ნუტრიციოლოგს.

  • შვილთან ერთად განვიხილე, როგორ გაუმკლავდეს თანაგუნდელების, მწვრთნელების, სოციალური ქსელებისა თუ გამყიდველების ზეწოლას.

  • ჩემმა შვილმა იცის, რომ კითხვის დროულად დასმა პასუხისმგებლობის ნიშანია და არა სისუსტის.

სანდო რესურსები

  • მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ანტიდოპინგური განათლებისა და სწავლების პლატფორმა: adel.wada-ama.org

  • მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს აკრძალული სია: wada-ama.org/en/prohibited-list

  • საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოს საგანმანათლებლო რესურსები და ინფორმაცია სპორტსმენთა მხარდაჭერის შესახებ: antidoping.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტო

ელექტრონული ფოსტა: info@antidoping.ge

კონსულტაცია თერაპიული გამოყენების გამონაკლისისა და მედიკამენტების შესახებ: info@antidoping.ge

ოფიციალური ვებგვერდი: www.antidoping.ge

იურიდიული მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა 15ა, თბილისი, საქართველო