CEADO-ს მენტორობის პროგრამის ფარგლებში საქართველოში დოპინგ-კონტროლის ოფიცრების გადამზადება მიმდინარეობს

სუფთა სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოში დოპინგ-კონტროლის სისტემის გაძლიერების მიზნით, ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგური ორგანიზაციის (CEADO) მხარდაჭერით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით სტუმრობენ პოლონეთის ანტიდოპინგური სააგენტოს (POLADA) წარმომადგენლები.
ვიზიტი CEADO-ს მენტორობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოს ინსტიტუციური და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას.
პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს დოპინგ-კონტროლის ოფიცრების (DCO) და სისხლის აღების ოფიცრების (BCO) სპეციალიზებული ტრენინგი, რომელსაც უძღვებიან POLADA-ს გამოცდილი ექსპერტები — Olha Zavhorodnya და Łukasz Krych.
ტრენინგში მონაწილეობს 12 დოპინგ-კონტროლისა და სისხლის აღების ოფიცერი. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს, მათ შორის:
სპორტსმენის შეტყობინებისა და იდენტიფიცირების პროცედურებს;
შარდისა და სისხლის ნიმუშების აღების საერთაშორისო მოთხოვნებს;
დოპინგ-კონტროლის დოკუმენტაციის სწორად წარმოებას;
ნიმუშების მთლიანობის, უსაფრთხოებისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფას;
სპორტსმენის უფლებებისა და კონფიდენციალურობის დაცვას;
შესაძლო გადაცდომებისა და არასტანდარტული შემთხვევების მართვას;
ნიმუშების უსაფრთხოდ შეფუთვის, შენახვისა და ტრანსპორტირების პროცედურებს.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ დოპინგ-კონტროლის პროცესის დამოუკიდებლად, თანმიმდევრულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვის უნარები.
ტრენინგის მიზანია მონაწილეთა პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული კომპეტენციების გაძლიერება მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) კოდექსისა და ტესტირებისა და გამოძიების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. გადამზადების შედეგად საქართველოს ეყოლება კვალიფიციური ოფიცრების გაძლიერებული გუნდი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს დოპინგ-კონტროლის პროცედურების ობიექტურად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად განხორციელებას.
საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოსა და POLADA-ს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ეფექტიანი და სანდო ანტიდოპინგური სისტემის ჩამოყალიბების, სპორტსმენთა უფლებების დაცვისა და სუფთა, სამართლიანი სპორტული გარემოს განმტკიცების გზაზე.







