GADCEA-ს საერთაშორისო აღიარება — ახალი ეტაპი საქართველოს ანტიდოპინგური სისტემისთვის

მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოს (GADCEA) მიერ მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის მიღება და სააგენტოს საერთაშორისო აღიარება მიულოცა.
აღნიშნული აღიარებით GADCEA მსოფლიო ანტიდოპინგური მოძრაობის სრულფასოვანი მონაწილე გახდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადასტურებს სააგენტოს მზადყოფნას, საქმიანობა მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე წარმართოს.
WADA-ს ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ GADCEA-ს საქმიანობა სუფთა სპორტის, სამართლიანი კონკურენციისა და სპორტის კეთილსინდისიერების დაცვას ემსახურება. მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ ასევე გამოხატა მზადყოფნა, გააგრძელოს GADCEA-სთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი ანტიდოპინგური სისტემის განვითარებისა და სპორტსმენების ინტერესების დაცვის მიზნით.
საერთაშორისო აღიარება GADCEA-სთვის მნიშვნელოვანი მიღწევა და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა. სააგენტო გააგრძელებს მუშაობას ეროვნული ტესტირების პროგრამის გაძლიერების, ანტიდოპინგური განათლების განვითარების, შედეგების მართვის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სპორტსმენთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტო საქართველოში ერთადერთი ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციაა, რომელიც აღიარებულია როგორც მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს, ისე საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ.
GADCEA-ს საერთაშორისო აღიარება საქართველოს ანტიდოპინგური სისტემის განვითარების ახალ ეტაპს ქმნის და ქვეყანაში სუფთა, სამართლიანი და ღირებულებებზე დაფუძნებული სპორტული გარემოს განმტკიცებას ემსახურება.
