CEADO–GADCEA თანამშრომლობის ფარგლებში ვენაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ვენაში, ავსტრიის ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს (NADA Austria) ოფისში გაიმართა CEADO–GADCEA Mentoring Working Meeting, რომელიც საქართველოს ანტიდოპინგური სისტემის გაძლიერებასა და მენტორობის პროგრამის შემდგომი ეტაპების დაგეგმვას მიეძღვნა.
GADCEA-სთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ აღიარება და WADA Code Signatory-ის სტატუსის მოპოვება. აღნიშნულ პროცესში არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა CEADO-ს მხარდაჭერას, ექსპერტული გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას.
WADA-ს საერთაშორისო სისტემაში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოსთვის სუფთა სპორტის დაცვის ახალ ეტაპს წარმოადგენს. CEADO-სა და მის წევრ ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ქვეყანაში დამოუკიდებელი, ეფექტიანი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ანტიდოპინგური სისტემის განვითარებას.
ვენის სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა მენტორობის ძირითადი მიმართულებები: პოლონეთის ანტიდოპინგური სააგენტო (POLADA) GADCEA-ს მენტორობას გაუწევს ტესტირების, უნგრეთის ანტიდოპინგური ორგანიზაცია (HUNADO) — შედეგების მართვის, ხოლო სლოვაკეთის ანტიდოპინგური სააგენტო (SADA) — ანტიდოპინგური განათლების მიმართულებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ხათუნა საგანელიძე — GADCEA-ს ხელმძღვანელი; ეკატერინე დაფქვიაშვილი — GADCEA-ს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; Milica Vukašinović-Vesić — ADAS-ის დირექტორი; Michael Cepic — NADA Austria-ს აღმასრულებელი დირექტორი; Olha Zavhorodnya — POLADA-ს საერთაშორისო პროექტების მენეჯერი; Žaneta Csáderová — SADA-ს დირექტორი; Tomáš Pagáč — SADA-ს დირექტორის მოადგილე და Gergely Balázs — HUNADO-ს იურიდიული დირექტორი.
მხარეებმა შეაჯამეს უკვე მიღწეული პროგრესი, განიხილეს თითოეული მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები და ერთობლივად შეიმუშავეს CEADO–GADCEA-ს მენტორობის პროექტის სამოქმედო გეგმა.
GADCEA მადლობას უხდის CEADO-სა და მის წევრ ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს საქართველოს მხარდაჭერისთვის, პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და ქვეყნის ანტიდოპინგური სისტემის განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ძლიერი, დამოუკიდებელი და მდგრადი ანტიდოპინგური სისტემის ჩამოყალიბებას და ევროპელ პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებას.
