GADCEA-ს ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს მაღალი დონის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 2–4 სექტემბერს, სტრასბურგში, საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოს (GADCEA) ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა საგანელიძემ, საქართველოს დელეგატის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებში:
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს საკითხებზე ევროპის სპეციალური კომიტეტის (CAHAMA) 72-ე შეხვედრაში;
ანტიდოპინგური კონვენციის მონიტორინგის ჯგუფის (T-DO) 63-ე შეხვედრაში.
შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო მსოფლიო ანტიდოპინგური პროგრამის მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტები, 2027 წლის მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა და საერთაშორისო სტანდარტების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაცია, ევროპის ქვეყნების კოორდინირებული თანამშრომლობა, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებები, ასევე სუფთა სპორტისა და სპორტის კეთილსინდისიერების დაცვის საკითხები.
აღნიშნულ შეხვედრებში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია ევროპულ ანტიდოპინგურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაძლიერების, საერთაშორისო პროცესებში ქვეყნის აქტიური ჩართულობისა და საქართველოში თანამედროვე, დამოუკიდებელი, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ეროვნული ანტიდოპინგური სისტემის განვითარებისათვის.
